|
მეტროპოლიტენი წარმოადგენს მომავლის ტრანსპორტს მგზავრთა საქალაქო გადაყვანის სფეროში, როგორც ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი. სახელწოდება “მეტროპოლიტენი” ფრანგული სიტყვიდან “Metropolitain”-მომდინარეობს, რაც “მიწისქვეშა ქალაქს” ნიშნავს. სულ რაღაც 25-30 წუთში ყოველ თბილისელს და მის სტუმარს უსაფრთხოდ და კომფორტულად შეუძლია მოხვდეს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში. მეტროპოლიტენი მგზავრებს ღებულობს დილის 6-დან ღამის 24 საათამდე. მეტროპოლიტენში 22 სადგურია. მეტროპოლიტენი ქალაქს უკავშირდება სადგურების გამოსასვლელებით, რომლებიც ძირითადად ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.
მეტროპოლიტენმა თავისი არსებობის მანძილზე 4 მილიარდ რვაასი ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ყველაფერი კი ასე დაიწყო;
1951 წლის 29 სექტემბერს, ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ. 1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო. 1953 წელს დაიწყო პირველი შახტისა და გადასარბენი გვირაბების მშენებლობა. 1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია, 1965 წელის 8 თებერვალს კი მეტროპოლიტენის სამართველო შესაბამისი სტრუქრურული დანაყოფებით.
1966 წლის 11 იანვარს გაეშვა ექსპლუატაციაში პირველი რიგის უბანი საერთო სიგრძით 6,3 კმ და ექვსი სადგურით: “დიდუბე,” “ელექტროდეპო,” ოქტომბერი ” (შემდგომ “ნაძალადევი”), “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”.
1967 წლის მარტის თვიდან იყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მატარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბეში”. ამავე წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველამდე” შესაძლებელი გახდა შემადგენლობის მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის ”ნაძალადევის” მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
1971 წლის მაისის თვეში 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლუატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორამდე” დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი სიგრძით.
1979 წლის სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა ვაგზლის მოედანი საბურთალოს რაიონს.
თავდაპირველი პროექტით, მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა, მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალის მოედანი - 2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
1985 წლის ნოემბერში ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლუატაციაში ორი უბანი: 3,4 კილომეტრი ”დიდუბის” სადგურიდან სადგურ ”გურამიშვილამდე” და მეორე- 2,0 კმ სადგურ ”სამგორიდან” სადგურ ”ვარკეთილამდე”. მხოლოდ 1989 წლის იანვარში კიდევ ერთი სადგური ”ახმეტელის თეატრი”.
2002 წელს ექსპლუატაციაში გაშვებული იქნა კიდევ ერთი უბანი ”დელისი-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.
ელექტროენერგიის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში, მეტროპოლიტენის როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაუჩერებლივ მუშაობის უზრუნველსაყოფად, მეტროპოლიტენში არსებობს ორი სადიზელე სადგური, რომელშიც განთავსებულია 6 აგრეგატი, საერთო სიმძლავრით 7,8 ათასი კვა.
მეტროპოლიტენის ხაზები ძირითადათ მიწისქვეშაა, გამონაკლისს შეადგენს 3 კმ-იანი მიწისზედა უბანი რომელიც იწყება ”დიდუბის” სადგურიდან და მთავრდება სადგურ ”ელექტროდეპოთი”.
მეტროპოლიტენის გამტარუნარიანობა და მისი მოწყობილობები დაპროექტებულია ხუთვაგონიან შემადგენლობებზე 36 წყვილ მატარებლებზე საათში. დღეისათვის ხაზზე გამოდის 36 შემადგენლობა, რომელთაც ყოველდღიურად 300 ათასი მგზავრი გადაყავს.
|